საქსტატი - გასულ წელს სადაზღვევო კომპანიების გამომუშავებულმა პრემიამ 369,5 მლნ. ლარი შეადგინა
საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) 369,5 მლნ. ლარი შეადგინა.
ამის შესახებ საქასტატის მიერ გამოქვეყნებულ 2016 წლის საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობით დაკავებული საწარმოების სტატისტიკური გამოკვლევის ძირითად შედეგებშია აღნიშნული.
საქსტატის მონაცემებით, სადაზღვევო კომპანიების მიერ გამომუშავებული პრემიიდან 43,6% სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 18,7% – ქონების დაზღვევაზე, 15,2% – სახმელეთო-სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევაზე (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა), 7,0% – სიცოცხლის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (15,5%) უბედური შემთხვევის და სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.
2016 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ დამდგარი სადაზღვევო ზარალი (ბრუტო) 232,5 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 61,2% სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 14,5% – სახმელეთოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევაზე (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა), 9,7% – ქონების დაზღვევაზე, 2,8% – სიცოცხლის დაზღვევაზე, დანარჩენი (11,8%) უბედური შემთხვევის და სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.