საქსტატი - გამოკითხული მოსახლეობის თითქმის 54 პროცენტი, არჩევანის შემთხვევაში, „ფაიზერით“ აიცრებოდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა პროცენტული წილი, ვინც გაიკეთა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე პირველი დოზა და ჰქონდა რაიმე გვერდითი მოვლენა, 37.2 პროცენტს შეადგენს.
გვერდით მოვლენებს შორის ყველაზე ხშირად, 38.6 პროცენტის შემთხვევაში სახელდება დაღლილობა, 33.0 პროცენტში ლოკალური ტკივილი, 30.2 პროცენტი სიცხეს ასახელებს, სახსრების ტკივილი 27.9 პროცენტმა დაასახელა, თავის ტკივილი – 16.9 პროცენტმა, 12.6 პროცენტი კუნთების ტკივილს უჩიოდა, 7.1 პროცენტი სისხლის მაღალ წნევას. ლოკალური სიწითლე დაასახელა გამოკითხულთა 4.7 პროცენტმა, შფოთვა/მოუსვენრობა 4.6 პროცენტმა, გულისრევის შეგრძნება ჰქონდა გამოკითხულთა 3.6 პროცენტს, ღებინება 1.6 პროცენტს, ლოკალური ლიმფური კვანძების დასიება 1.1 პროცენტს, ლოკალური შეშუპება 0.5 პროცენტს და დიარეა (ფაღარათი) 0.1 პროცენტს.
ამასთან, საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტებს, ვისაც არ გაუკეთებია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და ძალიან მოსალოდნელია ან მოსალოდნელია, რომ გაიკეთონ, არჩევანის არსებობის შემთხვევაში, 53.8 პროცენტი გაიკეთებდა „ფაიზერ-ბიონტექს“, „სინოფარმს“ – 31.9 პროცენტი, „სინოვაკს“ – 12.0 პროცენტი, „ასტრაზენეკას“ კი – 3.1 პროცენტი.
ხოლო იმის მიზეზად, რომ არ აქვთ სურვილი ან არ გადაუწყვეტიათ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება, რესპონდენტების 36.8 პროცენტი ასახელებს ვაქცინის გვერდით მოვლენებს, 35.8 პროცენტის აზრით, ვაქცინა ძალიან ახალია, სწრაფად შეიქმნა და საკმარისად არ არის გამოცდილი, რესპონდენტების 32.1 პროცენტისთვის ჯანმრთელობის არსებული პრობლემებია მიზეზი, 13.9 პროცენტი ასახელებს ვაქცინის კონკრეტული ბრენდების მიმართ უნდობლობას, 12.4 პროცენტი ფიქრობს, რომ ვაქცინა იწვევს სიკვდილს ან უნაყოფობას, 8.6 პროცენტი ასახელებს ზოგიერთ მედიკამენტზე ალერგიას, 7.9 პროცენტი – COVID-19-ის გადატანის შედეგად გამომუშავებულ იმუნიტეტს, რესპონდენტების 4.6 პროცენტი თვლის, რომ COVID-19-ით გამოწვეული საფრთხე გაზვიადებულია, 2.6 პროცენტი – ვაქცინის ტესტირება მოსახლეობაზე ხდება, ხოლო 0.1 პროცენტის აზრით ეწინააღმდეგება რელიგიურ შეხედულებებს.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე არიან თუ არა შეწუხებული, რომ თავად ან მათი შინამეურნეობის წევრი შეიძლება COVID-19-სგან მძიმედ ავად გახდეს, რესპონდენტების 46.6 პროცენტი პასუხობს, რომ ძალიან შეწუხებულია, 36.3 პროცენტი – შეწუხებულია ზომიერად, 9.2 პროცენტი – მეტ-ნაკლებად, 3.3 პროცენტი – უმნიშვნელოდ, ხოლო 3.0 პროცენტი საერთოდ არ არის შეწუხებული.