სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში – 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.8 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.8 პროცენტით განისაზღვრა.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 2.7 პროცენტით, რაც -0.31 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: სატრანსპორტო მომსახურება (-2.9 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია (-2.8 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენა (-1.5 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (3.0 პროცენტი), თევზეული (2.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-2.0 პროცენტი) და ხილი და ყურძენი (-1.1 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.8-პროცენტიანი მატება, რაც 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები, ძირითადად, გაიზარდა საცხოვრებლის ფაქტობრივ გადასახადზე (2.1 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.2-პროცენტიანი მატება, რაც 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები ძირითადად მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (2.2 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.