საქსტატი - დეკემბერში საარსებო მინიმუმი შემცირდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 253.5 ლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა.
საქსტატის ინფორმაციით, გასული წლის ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 255.1 ლარი იყო, დეკემბერში ეს მაჩვენებელი 1.6 ლარით შემცირდა და, ჯამში, 253.5 ლარი შეადგინა.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2022 წლის ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში 1.5 ლარით არის შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 224.5 ლარს შეადგენს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, 2021 წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ ახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.). როგორც საქსტატში აღნიშნავენ, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან. ესენია: პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.