საქსტატი დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკაში ახალ სტანდარტს ნერგავს
საქსტატი დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკაში ახალ სტანდარტს ნერგავს. ამის შესახებ დღეს სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„შევიმუშავეთ სრულიად ახალი გამოკვლევის კითხვარი. კითხვარის შემუშავებამდე ჩავატარეთ პატარა კვლევა, რომელიც ითვალისწინებდა განსაზღვრას, თუ თვითდასაქმებულთა რა წილი, რა პროცენტი იყო ბაზარზე ორიენტირებული. მოგეხსენებათ, ახალი სტანდარტი, რომელიც შრომის სტატისტიკოსთა მეცხრამეტე და მეოცე კონფერენციაზე მიიღეს, ითვალისწინებს თვითდასაქმებულთა გადაკვალიფიცირებას. თვითდასაქმებულთა კატეგორია, რომელიც აწარმოებს პროდუქციას უმთავრესად საკუთარი მოხმარებისთვის ახალი სტანდარტის მიხედვით აღარ ჩაითვლება თვითდასაქმებულად და დასაქმებულად, შესაბამისად ეს გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკაში. ძველი კვლევის პარალელურად იანვრიდან ახალი გამოკვლევის კითხვარით დავიწყეთ მონაცემთა შეგროვება. პირველი ორი კვარტლის განმავლობაში გაგრძელდება მიმდინარე კვლევა და ეს ორი კვარტლის მონაცემები მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გადავიდეთ მიმდინარე წლის ბოლოდან ახალ სტანდარტზე“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.