საქსტატი - ბიზნესსექტორში 31 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა, საშუალო ხელფასი კი, 90 ლარით გაიზარდა
2019 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 31 ათასით გაიზარდა და 687.9 ათასი შეადგინა, – აღნიშნულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36.5 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.4 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 42.1 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში საშუალო ხელფასი თვეში ბიზნესსექტორში 1 241.1 ლარს გაუტოლდა. გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ეს 90.7 ლარით მეტია.
საწარმოთა ზომის მიხედვით, საშუალო ხელფასი თვეში შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 251 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1 407.7 ლარი, მცირე ბიზნესი – 1 132.6 ლარი.