საქსტატი - ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 3.3 პროცენტით გაიზარდა, საშუალო ხელფასი თვეში კი, 1186,7 ლარია
ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 2018 წლის III კვარტალში, 665,5 ათასით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 3,3 პროცენტით აღემატება. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საწარმოთა საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული.
საქსტატის ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40 პროცენტი ქალია, ხოლო 60 პროცენტი – კაცი.
ამასთან, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36,8 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის; 21,6 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 41,6 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.
ამასთან, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 628,1 ათასი ადამიანი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 2,8 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები კი, პერსონალზე 2252,7 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6,9 პროცენტით მეტი).
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2018 წლის III კვარტალში საშუალო ხელფასი თვეში ბიზნეს სექტორში 1186,7 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 43,2 ლარითაა გაზრდილია. მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 892,6 ლარი, გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 55,4 ლარით მეტი.
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო ხელფასი თვეში არის: მსხვილი ბიზნესი – 1 192,8 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1 374,6 ლარი, მცირე ბიზნესი – 1 070,0 ლარი.