ერთ წელიწადში ბიზნეს სექტორში 40 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის მეოთხე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 620 ათასს შეადგენდა, 2017 წლის მეოთხე კვარტალში კი 660 ათასამდე გაიზარდა.
სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი მშენებლობის სექტორში შეიქმნა. თუ 2016 წლის ბოლოს დასაქმებულთა რაოდენობა 65 623-ს შეადგენდა, 2017 წლის მეოთხე კვარტალში 73 385-ს.
დასაქმებულთა რაოდენობა ასევე გაზრდილია დამამუშავებელ მრეწველობაში, საბითუმო და საცალო ვაჭრობაში, ჯანდაცვაში და ადმინისტრაციულ საქმიანობაში.
საქსტატის მონაცემებით, გაზრდილია ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ხელფასიც. 2017 წლის მეოთხე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი 1241,5 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 111,1 ლარით მეტია.