საქსტატი - ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 13.5 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წლის პირველ კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5 პროცენტით გაიზარდა და 26.0 მილიარდი ლარი შეადგინა.
ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2020 წლის პირველ კვარტალში მისი მოცულობა 10.3 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 8.4 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მთლიანი ბრუნვის 60.0 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 16.6 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 23.4 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 44.3 პროცენტი, საშუალოზე – 24.4 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 31.3 პროცენტი.
ამასთან, როგორც საქსტატის ანგარიშშია აღნიშნული, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2020 წლის პირველ კვარტალში 15.2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.7 პროცენტით მეტია, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვები 9.5 მლრდ ლარი იყო, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს 7.3 პროცენტით აღემატება.
საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის პირველი კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 37.6 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე, მათ შორის ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით. მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 27.8 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 8.9 პროცენტი, მშენებლობა – 5.8 პროცენტი, ტრანსპორტი და დასაწყობება – 5.4 პროცენტი, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 4.0 პროცენტი, ხოლო დარჩენილი 10.5 პროცენტი კი, სხვა დარგებზე ნაწილდება.
ამასთან, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ ადგილს, 21.6 პროცენტით დამამუშავებელი მრეწველობა, ხოლო მეორე ადგილს 16.9 პროცენტით ვაჭრობა იკავებს. შემდეგ მოდის მშენებლობა – 15.7 პროცენტიანი წილით და ტრანსპორტი და დასაწყობება – 9.6 პროცენტი, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 36.2 პროცენტიანი წილი უჭირავს.
საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ, შესაბამისად 27.4 პროცენტი, 12.4 პროცენტი და 10.5 პროცენტიანი წილებით. თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი აქვს მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებსაც.
ამასთან, რეგიონების მიხედვით, ბიზნეს სექტორის მთლიან ბრუნვაში 77.5 პროცენტიანი წილით თბილისი ლიდერობს. შემდეგ მოდიან: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 5.7 პროცენტი, ქვემო ქართლი – 4.9 პროცენტი, იმერეთი – 3.6 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2.9 პროცენტი.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას რეგიონების მიხედვით, საქსტატის ცნობით, ამ შემთხვევაშიც დედაქალაქი ლიდერობს. დასაქმებულთა მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისი – 64.0 პროცენტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 10.0 პროცენტი, იმერეთი – 6.9 პროცენტი, ქვემო ქართლი – 5.6 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.0 პროცენტი.