საქსტატი - ბიზნესსექტორის ბრუნვა მეორე კვარტალში 11.5 პროცენტით შემცირდა
საქსტატი - ბიზნესსექტორის ბრუნვა მეორე კვარტალში 11.5 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საწარმოთა საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2020 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.5 პროცენტით შემცირდა და 22.3 მლრდ ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის განმავლობაში ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა და მაქსიმალურ მაჩვენებელს – 31.4 მლრდ ლარს მეოთხე კვარტალში მიაღწია.

რაც შეეხება 2020 წელს, აღნიშნული მაჩვენებელი პირველი კვარტლისთვის 26.0 მლრდ ლარამდე, ხოლო მეორე კვარტალში 22.3 მლრდ ლარამდე შემცირდა.

ბრუნვა ყველაზე დიდი მოცულობით, 47.2  პროცენტით გაიზარდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების სექტორში. ასვე, 37.1 პროცენტით არის გაზრდილი ბრუნვის მოცულობა სოფლის, სატყეო და თევზების მეურნეობის სექტორში.

რაც შეეხება შემცირების ტენდენციას, ყველაზე მეტად შემცირდა ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურებების საქმიანობის სექტორი (კლება 66.7 პროცენტით) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის სექტორი (კლება 65.7 პროცენტით).

საქსტატის ინფორმაციით, ბიზნესსექტორის მთლიანი ბრუნვის 76.8 პროცენტი დედაქალაქზე მოდის, ქვემო ქართლში – 5.2 პროცენტი, აჭარის რეგიონში – 4.6 პროცენტი, იმერეთში – 3.7 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 3.3 პროცენტი, ხოლო ყველა სხვა რეგიონების ჯამური წილი 6.4 პროცენტს შეადგენს.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალის მონაცემების მიხედვით, ბიზნესსექტორის მთლიანი ბრუნვის 58.8 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 17.8 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 23.4 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება.