სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.1 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.0 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 1.01 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (17.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (7.1 პროცენტი), თევზეული (6.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.2 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (0.9 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის (-0.3 პროცენტი) ქვეჯგუფზე; ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.0 პროცენტიანი კლება, რაც -0.36 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-3.8 პროცენტი).
ამასთან, უწყების ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.04 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (45.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (23.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (15.0 პროცენტი), თევზეული (14.9 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (14.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (11.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (10.0 პროცენტი) და პური და პურპროდუქტები (8.4 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 4.9 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში შეადგინა 0.39 პროცენტული პუნქტი. ფასების ზრდა დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (8.4 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურების (4.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;