საქსტატი - აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში 15.4 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში 15.4 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 15.4 პროცენტიანი ზრდა.

საქსტატის ცნობით, 2022 წლის მარტთან შედარებით ფასები 4.6 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.37 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები 0.5 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც 0.38 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.

„12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 2.1 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების ზრდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობის და კარიერების დამუშავების სხვა პროდუქტებზე; დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 20.5 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 16.18 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები – ფასები გაიზარდა 14.6 პროცენტით, ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური პროდუქტები – დაფიქსირდა 186.4 პროცენტიანი ზრდა და ძირითადი ლითონები – ფასები გაიზარდა 42.0 პროცენტით. ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 10.2 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე -1.17 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 6.9 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.17 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.