სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა ტრანსპორტის ჯგუფზე ფასების ცვლილებამ იქონია.
საქსტატის ცნობით, ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.4 პროცენტით, რაც 0.89 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები 9.7 პროცენტით მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე, 5.3 პროცენტით – სატრანსპორტო მომსახურებაზე და 1.5 პროცენტით – სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე.
ამასთან, ფასები 4.5 პროცენტით მომატებულია ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.31 პროცენტული პუნქტით აისახა. 6.4 პროცენტით გაიზარდა ფასები ალკოჰოლურ სასმელებზე, 2.2 პროცენტით კი – თამბაქოს ნაწარმზე.
რაც შეეხება ფასების კლებას, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ჯგუფში ფასები 2.6 პროცენტით არის შემცირებული, რაც წლიურ ინდექსზე -0.21 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასების კლება, ძირითადად, დაფიქსირდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (-5.2 პროცენტი).
ამასთან, კავშირგაბმულობის ჯგუფში ფასები 12.7 პროცენტით შემცირდა, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.48 პროცენტული პუნქტით აისახა.