საქსტატი - აგვისტოში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 16.4 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - აგვისტოში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 16.4 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 16.4 პროცენტიანი ზრდა.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისთან შედარებით ფასები 0.3 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.02 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.

მათივე ინფორმაციით, ამავე პერიოდში ფასები 0.9 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც 0.74 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების 4.8 პროცენტიანი მატება ძირითად ლითონებზე.

„გარდა ამისა, ფასების 4.1 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.42 პროცენტული პუნქტი შეადგინა. 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები შემცირებულია 1.1 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -0.16 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია -9.2 პროცენტიანი ფასების კლება ლითონის მადნებზე.

დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 18.3 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 14.61 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (16.5 პროცენტი), სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები (11.2 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (47.3 პროცენტი);

ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 10.7 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.12 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 30.1 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.83 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აცხადებენ საქსტატში.