საქსტატი - აგვისტოში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად, 43.9 პროცენტით ზეთი გაძვირდა
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 12.8 პროცენტი შეადგინა.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, აგვისტოში წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად – 43.9 პროცენტით ზეთისა და ცხიმის ფასი გაიზარდა. 42.2 პროცენტით გაძვირდა ბოსტნეული და ბაღჩეული,17.3 პროცენტით არის ფასები მომატებული რძეზე, ყველსა და კვერცხზე. ხოლო 16.9 პროცენტით გაძვირდა ტკბილეული. პურსა და პურპროდუქტებზე ფასებმა 13.0 პროცენტით მოიმატა, ხოლო თევზეულზე – 11.9 პროცენტით. 8.3 პროცენტითაა გაძვირებული ხორცი და ხორცპროდუქტები.
ივნისში წლიური ინფლაცია 9.9 პროცენტი იყო, ივლისში 11.9 პროცენტამდე გაიზარდა. აგვისტოში კი, წლიურმა ინფლაციამ ქვეყანაში 12.8 პროცენტი შეადგინა.