საქსტატი - აგვისტოში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 1.0 პროცენტი შეადგინა
საქსტატი - აგვისტოში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 1.0 პროცენტი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში – -0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.0 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 0.9 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.17 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (1.3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.2 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.9 პროცენტი), თევზეული (0.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (0.1 პროცენტი). ამასთან, მოცემულ პერიოდში ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-2.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-2.1 პროცენტი);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ფეხსაცმლის (-3.7 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-1.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირდა 5.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.2 პროცენტული პუნქტით აისახა“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.