საქსტატი - აგვისტოში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.9 პროცენტი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში – 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.9 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.5 პროცენტით განისაზღვრა.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების
ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.69 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები ძირითადად გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (19.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3.4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (1.7 პროცენტი), თევზეული (1.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.3 პროცენტი).
ამავე პერიოდში, ფასები, ძირითადად, შემცირდა პურსა და პურპროდუქტებზე (-1.2 პროცენტი), ასევე ზეთსა და ცხიმზე (-1.1 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.6 პროცენტით, რაც 0.19 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.0 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (1.1 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.8 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.