საქსტატი - აგვისტოში აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე სასამართლოში შესული 1 257 შუამდგომლობიდან 615 პირს პატიმრობა, 642-ს კი, გირაო შეეფარდა
საქსტატის ცნობით, აგვისტოში აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე სასამართლოში შესული 1 257 შუამდგომლობიდან 615 პირს პატიმრობა, 642-ს კი, გირაო შეეფარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის აგვისტოში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 1 473 პირის მიმართ. აქედან, გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 139 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 9,4 პროცენტს შეადგენს.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2020 წლის აგვისტოში პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხილულია საგამოძიებო ორგანოებიდან აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე შესული 1 257 შუამდგომლობა. უწყებაში აცხადებენ, რომ განხილული შუამდგომლობებიდან პატიმრობა 615 პირს შეეფარდა, ხოლო გირაო – 642-ს.
„2020 წლის აგვისტოში პირველი ინსტანციის სასამართლოებში განხილულია 822 საქმე 880 პირის მიმართ, აქედან განაჩენის გამოტანით განხილულია 794 საქმე, ანუ 96,6 პროცენტი, შეწყდა 15 საქმე (1,8%), დაუბრუნდა პროკურატურას 13 საქმე, ანუ 1,6 პროცენტი“, – აცხადებენ საქსტატში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის აგვისტოში განაჩენის გამოტანით განხილული საქმეებიდან საპროცესო შეთანხმებით განხილული იყო 536 საქმე 571 პირის მიმართ, ხოლო არსებითი განხილვით დამთავრდა 258 საქმე 281 პირის მიმართ.
„არსებითი განხილვით დამთავრებული 258 საქმიდან გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა 235 საქმეზე, გამამართლებელი განაჩენი – 16 საქმეზე, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი 7 საქმეზე. 2020 წლის აგვისტოში სულ არსებითი განხილვით მსჯავრდებული, გამართლებული და შეწყვეტილი 296 პირიდან გამართლებულ პირთა ხვედრითი წილი შეადგენს 5,7 პროცენტს, ნაწილობრივ გამართლებული პირების ხვედრითი წილი – 2,4 პროცენტს, ხოლო იმ პირების ხვედრითი წილი, რომელთა მიმართ საქმე შეწყდა შეადგენს 5,1 პროცენტს“, – აცხადებენ საქსტატში.