საქსტატი - 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია.
საქსტატში აღნიშნავენ, რომ 2023 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39 207).
უწყების ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61.0 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს.
ამასთან, როგორც საქსტატის ინფორმაციაშია აღნიშნული, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 19.5 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი, 15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი – 64.3 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 16.2 პროცენტს.
2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 774.5 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 920.1 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი – კაცი, ხოლო 52 პროცენტი ქალია. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 40 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 40 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.
2022 წელთან შედარებით, 2023 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75.0 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 70.6 წელი, ხოლო ქალებისათვის – 79.4 წელი.
2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 38 წელს.
საქსტატის ცნობით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში იმიგრანტების 75.9 პროცენტი და ემიგრანტების 62.2 პროცენტი შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას, ანუ 15-64 წლის ასაკობრივ ჯგუფს წარმოადგენენ.
2023 წელს იმიგრანტების 44.6 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 66.7 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.