საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში ადგილობრივი ტურიზმი - 8.8 პროცენტით, ვიზიტისას გაწეული თვიური ხარჯები კი 8.6 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 277.7 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 555.5 ათასი ერთეული შეადგინა.
საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 8.8 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 6.8 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 688.2 ათასით განისაზღვრა, რაც 10.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში ვიზიტორების 37.3 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 53.4 პროცენტს შეადგენდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 38.4 პროცენტი თბილისის მცხოვრებელია, 14.6 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 8.7 პროცენტი – აჭარის ა/რ-ზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა – 52.4 პროცენტი განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში – საშუალოდ 377.0 ათასი ვიზიტი თვეში და იმერეთის რეგიონში – საშუალოდ 336.0 ათასი ვიზიტი თვეში.
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 265.9 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 8.6 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 1.8 პროცენტით და 170.9 ლარს უტოლდება.