საქსტატი - 2024 წლის მესამე კვარტალში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა 7.4 პროცენტით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 758.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 7.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
გასვლების უდიდესი ნაწილი, 44.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. საქსტატის ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 603.0 ათასი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 6.8 პროცენტით ნაკლებია.
ამასთან, უწყების ანგარიშით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 402.1 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 1.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა, 47.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 47.0 პროცენტს შეადგენდა.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი – 32.0 პროცენტი განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 237.4 ათასი და 119.0 ათასი ვიზიტი. 2024 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 7.9 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (7.2 ღამე) 9.3 პროცენტით მეტია.
განხორციელებული ვიზიტების 98.2 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. ამასთან, 2024 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 675.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 14.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 22.5 პროცენტით გაიზარდა და 1 120.8 ლარი შეადგინა.