საქსტატი - 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 9.6 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 22 101.7 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.6 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წლის მეორე კვარტალში 2.5 პროცენტით განისაზღვრა.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, 2024 წლის მეორე კვარტალში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.4 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (35.7 პროცენტი), განათლება (21.3 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (11.0 პროცენტი), მშენებლობა (13.0 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (16.1 პროცენტი).
ხოლო კლება აღინიშნა ისეთ დარგებში, როგორებიცაა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-6.3 პროცენტი), სხვა სახის მომსახურება (-1.4 პროცენტი).
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით, 15.0 პროცენტით გამოირჩევა ვაჭრობა და 9.8 პროცენტით უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები. შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (9.1 პროცენტი), მშენებლობა (8.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7.4 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.2 პროცენტი), განათლება (6.0 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.9 პროცენტი).