საქსტატი - 2024 წლის მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორებმა საქართველოში 3.4 მილიარდი ლარი დახარჯეს, რაც 2.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა, რაც 4.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
საქსტატის ცობით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.5 მილიონი შეადგინა, რაც 4.6 პროცენტით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.3 მილიონს მიაღწია, რაც 5.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.2 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 9.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების 77.2 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 18.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.0 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
2024 წლის მეორე კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 287.2 ათასი, დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 22.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 20.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 10.6%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (369.4 ათასი), რუსეთის ფედერაციის (312.1 ათასი) და სომხეთის (195.9 ათასი) მოქალაქეების მიერ.
საქსტატის ინფორმაციით, ვიზიტორების უმრავლესობა, 46.9 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 40.6 პროცენტს შეადგენდა.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი – 53.7 პროცენტი განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ხოლო ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 850.4 ათასი და 569.2 ათასი ვიზიტი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.1 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (4.8 ღამე) 5.1 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 73.9 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2024 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 2.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 1.8 პროცენტით შემცირდა და 2 251.8 ლარი შეადგინა.