საქსტატი - 2024 წლის აპრილში სისხლისსამართლებრივი დევნა 2 110 პირის მიმართ დაიწყო
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის აპრილში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 110 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 137 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 6.5 პროცენტს შეადგენს.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის აპრილში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 754 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 290, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონებში – ცხრა შემთხვევა.
2024 წლის აპრილის თვეში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქურდობა – 316 შემთხვევა; მუქარა – 285 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 205 შემთხვევა; ძალადობა – 180 შემთხვევა; გაუპატიურება – რვა შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – ოთხი შემთხვევა; თაღლითობა – 243 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 288 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – ექვსი შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება – 11 შემთხვევა.
ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის აპრილში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით – ათი შემთხვევა, ხოლო მკვლელობის მცდელობის მუხლით ოთხი შემთხვევა გამოვლინდა.