საქსტატი - 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში რძის წარმოება შემცირდა, ხორცის კი - გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის პირველი კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 8.4 პროცენტით შემცირდა და 929.8 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 448.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.3 პროცენტით ჩამორჩება. ღორის რაოდენობა 159.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 6.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 10.5 პროცენტით შემცირდა და 9.2 მილიონი ფრთა შედგინა.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რძის წარმოებამ 105.7 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.8 პროცენტით ნაკლებია. ხორცის წარმოებამ 18.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.4 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 169.9 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.7 პროცენტით აღემატება.