საქსტატი - 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 372.5 მილიონი ლარი დახარჯეს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 585.8 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 2.2-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. მათივე ცნობით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 448.4 ათასი შეადგინა, რაც 2.1-ჯერ მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, უწყების მონაცემებით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 255.4 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 76.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტების უმრავლესობა, 49.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. საქსტატის ცნობით, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 45.4 პროცენტს შეადგენდა. 2023 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა საყიდლების მიზნით.
„ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 234.1 ათასი და 64.3 ათასი ვიზიტი. 2023 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.1 ღამე შეადგინა, რაც 2022 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.4 ღამე) 5.4 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 98.0 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს“, – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, 2023 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 372.5 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 30.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი, 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 37.0 პროცენტით შემცირდა და 830.8 ლარი შეადგინა.