საქსტატი - 2023 წლის პირველ კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 107.5 მლნ ლარის ღირებულების 21.5 ათასი ტონა პროდუქცია
საქსტატი - 2023 წლის პირველ კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 107.5 მლნ ლარის ღირებულების 21.5 ათასი ტონა პროდუქცია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 121 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 18.2 პროცენტი მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, 16.5 პროცენტი – კახეთის რეგიონში, 16.5 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 14.0 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 11.6 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო 23.1 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წლის პირველ კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 98.3 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 42.2 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 49.6 პროცენტი – ღორი, ხოლო 7.3 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 0.8 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 290.6 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოების მიერ 2023 წლის პირველ კვარტალში 13.6 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული, საიდანაც 34.2 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 43.3 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 21.6 პროცენტი – ღორის ხორცზე, 0.8 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 12.9 ათას პირს, საიდანაც 35.5 პროცენტი შინამეურნეობების სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 116 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 33.8 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 13.8 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური – 28.9 ლარი.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში 210 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც, 67.6 პროცენტი შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული.

უწყების მონაცემებზე დაყრდნობით, საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 344 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 787 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 279 კაცით განისაზღვრა.

2023 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში მაცივრებში შენახული იყო 85.3 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 48.2 პროცენტი – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 23.0 პროცენტი – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 13.4 პროცენტი – თევზეული, 11.7 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

საანგარიშო პერიოდში, საქსტატის ცნობით, სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 21.1 პროცენტს – საკუთარი წარმოების, 13.4 პროცენტს – შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 65.5 პროცენტს მომსახურების სახით შენახული პროდუქციის მოცულობა შეადგენდა. ამავე პერიოდში მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 8.0 მლნ ლარი შეადგინა. 2023 წლის პირველ კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 107.5 მლნ ლარის ღირებულების 21.5 ათასი ტონა პროდუქცია. ამასთან, საანგარიშო პერიოდში სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 60.4 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე.

საანგარიშო პერიოდში სამაცივრე მეურნეობების მიერ საზღვარგარეთის ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 8.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 7.7 პროცენტს შეადგენს. ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, თევზეული, ხილი და ბოსტნეული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა იანვარში შეადგენდა 54.2 პროცენტს, თებერვალში – 48.8 პროცენტს, ხოლო მარტში – 49.9 პროცენტს.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 37 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის რეგიონში იყო განთავსებული.

საანგარიშო პერიოდში ელევატორებში შენახული იყო 84.8 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 46.1 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი. 2023 წლის პირველ კვარტალში ელევატორების მიერ გაყიდულია 45.2 მლნ ლარის ღირებულების 35.7 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 58.0 პროცენტი იყო საკუთარი წარმოების. ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით ჭარბობდა ხორბლის ფქვილი.