საქსტატი - 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი, 52 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია აშშ-დან განხორციელდა
საქსტატი - 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი, 52 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია აშშ-დან განხორციელდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის მესამე კვარტალში 316.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია 61.5 პროცენტით.

უწყების ინფორმაციით, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს სავალო ვალდებულებების და რეინვესტიციის მოცულობის შემცირება. იმავე პერიოდში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სააქციო კაპიტალი 2.5-ჯერ გაიზარდა და 590.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო რეინვესტიციის მოცულობა 30 პროცენტით შემცირდა და 329.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

საანგარიშო პერიოდში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნებში, პირველ ადგილზეა აშშ-ა – 51.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 16.4 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო – 45.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე ნიდერლანდები – 45.3 მლნ. აშშ დოლარით. ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 58.7 პროცენტს შეადგენს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 80.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 25.4 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ტრანსპორტის სექტორი – 61.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე იმყოფება ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი 41.0 მლნ. აშშ დოლარით. ხუთი უმსხვილესი ეკონომიკის სექტორის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 77.3 პროცენტს შეადგენს.