სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 8.8 პროცენტით გაიზარდა და 51.7 მილიარდი ლარი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2023 წლის მესამე კვარტალში მისი მოცულობა 19.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.2 პროცენტით მეტია.
ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის 64.2 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 15.3 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 20.5 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში – მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 44.4 პროცენტი, საშუალოზე – 23.1 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 32.5 პროცენტი.
2023 წლის მესამე კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 28.4 მლრდ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტით მეტია, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 17.3 მლრდ. ლარი, რაც გასული წლის იმავე პერიოდს 2.5 პროცენტით აღემატება. ასევე, საანგარიშო პერიოდში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 757.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.8 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.6 პროცენტი ქალია, ხოლო 57.4 პროცენტი – კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.6 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.8 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 36.5 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.
საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 721.0 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.5 პროცენტით მეტია, ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4 419.0 მლნ. ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს 23.4 პროცენტით აღემატება. 2023 წლის მესამე კვარტალში ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 007.2 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 293.0 ლარით, ხოლო, მათ შორის, ქალების ხელფასმა 1 537.1 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 219.4 ლარით.
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 2 035.7 ლარი; საშუალო ბიზნესი – 2 292.8 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 781.6 ლარი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 36.3 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 32.4-პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 8.2-პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 5.9-პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.9-პროცენტიანი წილით, ხოლო 12.3 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.
ამასთან, ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა, შემდეგ მოდის მშენებლობა და ტრანსპორტი და დასაწყობება, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.2-პროცენტიანი წილი უჭირავს.
2023 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნესსექტორში ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ შესაბამისად 28.1, 11.9 და 9.7-პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც.
რეგიონების მიხედვით, მთლიან ბრუნვაში ლიდერობს თბილისი. Შემდეგ მოდიან სხვა რეგიონები ამ თანმიმდევრობით: თბილისი – 77.5 პროცენტი; აჭარის ა.რ. – 5.8 პროცენტი; ქვემო ქართლი – 4.1 პროცენტი; იმერეთი – 3.5 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2.2 პროცენტი.
რეგიონების მიხედვით, პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს ასევე თბილისი, სხვა რეგიონები კი შემდეგი თანმიმდევრობით მოდიან: აჭარის ა.რ. – 9.2 პროცენტი; ქვემო ქართლი – 6.5 პროცენტი; იმერეთი – 5.6 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.6 პროცენტი.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი – 65.0 პროცენტი; აჭარის ა.რ. – 9.3 პროცენტი; იმერეთი – 6.8 პროცენტი; ქვემო ქართლი – 5.7 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.5 პროცენტი; კახეთი – 2.8 პროცენტი; შიდა ქართლი – 2.3 პროცენტი; მცხეთა-მთიანეთი – 1.7 პროცენტი; სამცხე-ჯავახეთი – 1.5 პროცენტი; გურია – 0.9 პროცენტი; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.3 პროცენტი.