საქსტატი - 2023 წლის მეოთხე კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 131.7 მლნ ლარის ღირებულების 22.3 ათასი ტონა პროდუქცია
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში 124 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 17.7 პროცენტი მდებარეობს კახეთის რეგიონში, 16.9 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონში, 16.1 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 14.5 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 11.3 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 8.9 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ხოლო 14.5 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 137.4 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 35.4 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 58.0 პროცენტი – ღორი, ხოლო 4.8 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი 1.8 პროცენტს შეადგენს.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 179.2 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
ამასთან, სასაკლაოების მიერ 2023 წლის მეოთხე კვარტალში 17.0 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული, საიდანაც 34.3 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 34.0 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 30.8 პროცენტი – ღორის ხორცზე, 0.8 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.
ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 35.7 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 13.9 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური – 30.2 ლარი.
საქსტატის ცნობით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში 256 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც – 63.7 პროცენტი შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. მომსახურება კი გაეწია 329 მომხმარებელს.
საანგარიშო პერიოდში მაცივრებში შენახული იყო 74.8 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 34.1 პროცენტი – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 21.5 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, 18.7 პროცენტი – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 17.4 პროცენტი – თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.
2023 წლის მეოთხე კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 131.7 მლნ. ლარის ღირებულების 22.3 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 25.2 პროცენტი, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 25.3 პროცენტი, ხოლო შესყიდულმა პროდუქციამ – 49.4 პროცენტი.
საანგარიშო პერიოდში სამაცივრე მეურნეობების მიერ საზღვარგარეთის ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 5.5 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 4.2 პროცენტს შეადგენს. ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, თევზეული, ხილი და ბოსტნეული.