საქსტატი - 2023 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობამ 56 მილიარდ ლარს გადააჭარბა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 9.1 პროცენტით გაიზარდა და 56.4 მილიარდი ლარი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2023 წლის მეოთხე კვარტალში მისი მოცულობა 21.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.0 პროცენტით მეტია.
საანგარიშო პერიოდში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის 64.4 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 15.0 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 20.7 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 42.1 პროცენტი, საშუალოზე – 23.9 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 34.0 პროცენტი.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 30.5 მლრდ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.4 პროცენტით მეტია, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 18.9 მლრდ. ლარი შეადგინა, ეს მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8 პროცენტით მეტია.
საქსტატის ანგარიშის მიხედვით, გასული წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 782.3 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.6 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.6 პროცენტი ქალია, ხოლო 57.4 პროცენტი – კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.5 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.3 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 37.2 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.
საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 742.0 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1 პროცენტით მეტია, ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4 991.9 მლნ. ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 22.1 პროცენტით აღემატება.
2023 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 196.2 ლარს გაუტოლდა, რაც იმას ნიშნავს, რომ, გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია 285.1 ლარით. მათ შორის, ქალების ხელფასმა 1 687.6 ლარი შეადგინა და ზრდა წინა წლის იმავე პერიოდთან მიმართებით 200.6 ლარია.
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 2 250.0 ლარი; საშუალო ბიზნესი – 2 538.3 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 899.5 ლარი.
2023 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 37.6 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 32.2-პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 7.5-პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 6.6-პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.5-პროცენტიანი წილით, ხოლო 11.5 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნესსექტორში ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ, შესაბამისად, 27.9, 12.0 და 9.4-პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, აგრეთვე ინფორმაცია-კომუნიკაციის და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც.
დასაქმებულთა რაოდენობით, 64.5 პროცენტით თბილისი ლიდერობს. დანარჩენი რეგიონები კი ასე ნაწილდება: აჭარის ა.რ. – 9.2 პროცენტი; იმერეთი – 6.9 პროცენტი; ქვემო ქართლი – 5.8 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.5 პროცენტი; კახეთი – 2.9 პროცენტი; შიდა ქართლი – 2.3 პროცენტი; მცხეთა-მთიანეთი – 1.8 პროცენტი; სამცხე-ჯავახეთი – 1.6 პროცენტი; გურია – 1.0 პროცენტი; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.3 პროცენტი.