საქსტატი - 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 17.1 პროცენტით, 1 804.5 ლარამდე გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.1 პროცენტით, ანუ 263.2 ლარით გაიზარდა და 1 804.5 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით, საქსტატის ცნობით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 799.8 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 22.2 პროცენტით);
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 181.4 ლარი (გაიზარდა 19.1 პროცენტით); მშენებლობა – 2 590.3 ლარი (გაიზარდა 18.9 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 525.0 ლარი (გაიზარდა 25.1 პროცენტით).
ამასთან, უწყების მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 437.1 ლარით, ხოლო კაცების – 2 161.6 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 196.5 ლარი (15.8%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 333.2 ლარი (18.2%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
საანგარიშო პერიოდში, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 289.0 ლარით, ანუ 17.8%-ით გაიზარდა და 1 914.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის სექტორშია – 3 909.0 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი გაიზარდა 21.8 პროცენტით. ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სფეროში – 2 895.4 ლარი, გაიზარდა 26.5 პროცენტით.
საქსტატის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 213.4 ლარით, ანუ 15.3%-ით გაიზარდა და 1 610.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.