საქსტატი - 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა გაორმაგდა
საქსტატი - 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა გაორმაგდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 568.9 ათასი მგზავრი, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 47.4 პროცენტით აღემატება.

საქსტატის ცნობით, ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 176.9 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 50.9 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 2023 წლის მეორე კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 560.2 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98.5 პროცენტს შეადგენს და გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 48.7 პროცენტით აღემატება.

ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 8.7 ათასი მგზავრი, რაც 6.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 60.7 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 39.3 პროცენტი. საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა.

2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.5 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 8.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. აღნიშნული მოცულობის 10.7 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 31.2 პროცენტი – საერთაშორისო გადაზიდვაზე, ხოლო 58.1 პროცენტი – ტრანზიტზე. ამავე პერიოდში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 29.2 პროცენტი ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, ხოლო 70.8 პროცენტი – ქვეყანაში შემოტანლ ტვირთზე.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 53.2 პროცენტისათვის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს, 26.7 პროცენტისათვის – აზერბაიჯანი, 3.3 პროცენტისათვის – თურქმენეთი, 2.6 პროცენტისათვის – რუმინეთი, 2.3 პროცენტისათვის – თურქეთი, 1.0 პროცენტისათვის – ჩინეთი, 1.0 პროცენტისათვის – ბელარუსი, 0.5 პროცენტისათვის – ყაზახეთი.

2023 წლის II კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 20.0 პროცენტისათვის დანიშნულების ქვეყანას ყაზახეთი წარმოადგენს, 11.5 პროცენტისათვის – სომხეთი, 8.5 პროცენტისთვის – რუსეთის ფედერაცია, ხოლო 4.3 პროცენტისთვის – აზერბაიჯანი.

2023 წლის მეორე კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 11.3 პროცენტისათვის დანიშნულების ქვეყანას თურქეთი წარმოადგენს, 7.7 პროცენტისათვის – ნიდერლანდები, 6.0 პროცენტისათვის – იტალია, 6.0 პროცენტისათვის – ჩინეთი. ამავე პერიოდში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 8.9 პროცენტისათვის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენს, 3.5 პროცენტისათვის – ჩინეთი, 2.1 პროცენტისათვის – თურქეთი, ხოლო 1.7 პროცენტისათვის – ამერიკის შეერთებული შტატები.

საანგარიშო პერიოდში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 29.6 პროცენტი მოდის ქვანახშირის, ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე, 23.6 პროცენტი – ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, ხოლო 14.1 პროცენტი – საკვებ პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე.

სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებულია ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში, სადაც 57.2 პროცენტი ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე მოდის, 15.9 პროცენტი – სხვა არამეტალურ მინერალურ პროდუქტებზე, ხოლო 12.2 პროცენტი – ქვანახშირის, ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე.

რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საქსტატის ცნობით, რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი, სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები და კოქსი, რაფინირებული ნავთობპროდუქტები, ხოლო გატანილია ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული, საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო, სხვადასხვა დასახელების ლითონის ნაწარმი და სოფლის მეურნეობის პროდუქტები.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 70.0 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდის, ესენია – ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი – 32.4 პროცენტი, ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული – 19.0 პროცენტი და საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო – 18.6 პროცენტი.