საქსტატი 2023 წლის მეორე კვარტალის ეკონომიკური ზრდის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმად, მიმდინარე პერიოდში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა
საქსტატი 2023 წლის მეორე კვარტალის ეკონომიკური ზრდის ანგარიშს აქვეყნებს. საქსტატის ცნობით, მიმდინარე პერიოდში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა. მიმდინარე ფასებში ეკონომიკის ზომამ 18.3 მილიარდი ლარი შეადგინა.
„ეკონომიკის სექტორებს შორის ყველაზე დიდი ვაჭრობის სფერო იყო, რომლის წვლილმაც 2.6 მილიარდი ლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები 1.8 მილიარდი ლარის წვლილით, ხოლო მესამეზე დამმუშავებელი მრეწველობაა 1.5 მილიარდი ლარის ბრუნვით.
რაც შეეხება ზრდის ტემპს, ის ყველაზე მაღალი ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობებში იყო და 43%-ს შეადგენდა, თუმცა თავად ამ სექტორის ზომა საკმაოდ მცირეა და მხოლოდ 218 მილიონ ლარს შეადგენდა. ზრდის მიხედვით, მეორე ადგილზეა მშენებლობის სექტორი 23%-იანი ზრდით, მესამეზე კი – ინფორმაცია და კომუნიკაცია, მათ შორის IT სფეროც, 20.2%-იანი ზრდით.
ზოგიერთ სექტორში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში, ზრდის ნაცვლად, შემცირებაა (-7.1%); ასევე კლებაა ენერგეტიკაში (-7%), დამმუშავებელ მრეწველობაში (-2.8%) და წყალმომარაგება-ნარჩენების მართვაში (-1.5%)“, – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.