საქსტატი - 2023 წლის დეკემბერში სისხლის სამართლებრივი დევნა 2 108 პირის მიმართ დაიწყო
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 2 108 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 143 პირის მიერ, რაც დევნადაწყებულთა 6.8 პროცენტს შეადგენს.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის დეკემბერში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 724 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 282, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონებში – 13 შემთხვევა.
2023 წლის დეკემბერში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქურდობა – 349 შემთხვევა; მუქარა – 267 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 236 შემთხვევა; ძალადობა – 161 შემთხვევა; გაუპატიურება – 11 შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – 4 შემთხვევა; თაღლითობა – 104 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 248 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – 120 შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება – 128 შემთხვევა.
ამასთან, საქსტატის ცნობით, გასული წლის დეკემბერში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით – 11 შემთხვევა, ხოლო მკვლელობის მცდელობის მუხლით ერთი შემთხვევა გამოვლინდა.