საქსტატი - 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.6 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.6 პროცენტით გაიზარდა და 204.6 მილიარდი ლარი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2023 წელს მისი მოცულობა 77.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 8.5 პროცენტით მეტია.
ამასთან, უწყების ანგარიშით, 2023 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 66.8 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 15.3 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 17.9 პროცენტი კი – მცირე ბიზნესზე.
მცირედით განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 46.1 პროცენტი, საშუალოზე – 24.6 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 29.3 პროცენტი.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 109.0 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 7.5 პროცენტით მეტის, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 71.2 მილიარდი ლარი, რაც 2022 წლის მონაცემებს 8.2 პროცენტით აღემატება. ასევე, გასულ წელს ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 823.6 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5.7 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.4 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 56.6 პროცენტი – მამაკაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 40.4 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.8 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 39.8 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 771.5 ათასი კაცი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 6.2 პროცენტით მეტია, ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 17.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 2022 წლის მონაცემებს 20.7 პროცენტით აღემატება.
უწყების მონაცემებით, 2023 წელს, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 827.3 ლარს გაუტოლდა. ეს მაჩვენებელი 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 221.4 ლარით, ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 445.3 ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 181.3 ლარით. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 2 077.2 ლარი; საშუალო ზომის ბიზნესი – 2 199.7 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 306.5 ლარი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 38.0 პროცენტი ვაჭრობის დარგზე მოდიოდა, მეორე ადგილზე იყო ხელოვნება, გართობა და დასვენება 31.4 პროცენტიანი წილით, შემდეგ კი – დამამუშავებელი მრეწველობა 7.8 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 5.9 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.6 პროცენტიანი წილით, ხოლო 12.3 პროცენტი დანარჩენ დარგებზე განაწილდა.
ამასთან, 2023 წელს ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებდა ვაჭრობა (19.7 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (19.5 პროცენტი), შემდეგ მოდიოდა მშენებლობა (17.3 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.1 პროცენტი), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 34.4 პროცენტიანი წილი ეკავათ.
გასულ წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები, შესაბამისად, 28.6, 11.7 და 9.6 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდოდა ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.4 პროცენტი), მშენებლობის (8.3 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (5.7 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.1 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც.
დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდებოდა 2023 წელს: ქ. თბილისი – 62.4 პროცენტი; აჭარის ა.რ. – 9.5 პროცენტი; იმერეთი – 7.5 პროცენტი; ქვემო ქართლი – 5.9 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.8 პროცენტი; კახეთი – 3.0 პროცენტი; შიდა ქართლი – 2.8 პროცენტი; მცხეთა-მთიანეთი – 1.7 პროცენტი; სამცხე-ჯავახეთი – 1.8 პროცენტი; გურია – 1.2 პროცენტი; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.3 პროცენტი.