საქსტატი - 2023 წელს საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 3.8 პროცენტით, 11.8 პროცენტამდე შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი, წინა წელთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2023 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 5.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6 პროცენტს გაუტოლდა.
ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 16.0 პროცენტი შეადგინა (-4.3 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში – 11.5 პროცენტი (-3.8 პროცენტული პუნქტი), ხოლო 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში – 8.0 პროცენტი (-2.5 პროცენტული პუნქტი).
აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალებისათვის შემცირებულია 3.9 პროცენტული პუნქტით და 11.5 პროცენტს შეადგენს, ხოლო კაცებისათვის მაჩვენებელი შემცირებულია 3.7 პროცენტული პუნქტით და 12.2 პროცენტს შეადგენს.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, არ შეცვლილა ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი შემოსავლების და მთლიანი სახსრების მიხედვით და შესაბამისად 0.36 და 0.37 შეადგინა, მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით გაიზარდა 0.02-ით და 0.36 შეადგინა, ხოლო მთლიანი ხარჯების მიხედვით გაიზარდა 0.01-ით და 0.40 შეადგინა.