საქსტატი - 2023 წელს საქართველოს პორტების ტვირთბრუნვა შემცირდა, ნავსადგურები 11.1 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 45.0 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოვიდა 1 6191 გემი, რომელთა 34.5 პროცენტი გენერალური, ანუ ზოგადი სახის ტვირთის გადამზიდია, 29.3 პროცენტი – თხევადი ტვირთმზიდი, 27.2 პროცენტი – კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 9.0 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე, სამგზავრო და სპეციალიზებულ გემებზე ნაწილდება.
საქსტატის ცნობით, 2023 წელს წინა წელთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 47.7 პროცენტით მეტი კონტეინერმზიდი მიიღო, 37.9 პროცენტით ნაკლები – ნაყარი ტვირთმზიდი, 9.4 პროცენტით ნაკლები – გენერალური, ანუ ზოგადი სახის ტვირთმზიდი, 5.7 პროცენტით ნაკლები – სპეციალიზებული და 3.1 პროცენტით ნაკლები – თხევადი ტვირთმზიდი.
ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოსული გემების 17.6 პროცენტი თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.6 პროცენტი – პანამის, 14.6 პროცენტი – ლიბერიის, 9.1 პროცენტი – მალტის, 4.6 პროცენტი – რუსეთის, 4.4 პროცენტი – ბულგარეთის დროშის ქვეშ, ხოლო 34.1 პროცენტი სხვა ქვეყნებზე ნაწილდებოდა.
2023 წელს საქართველოს ნავსადგურები 11.1 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 45.0 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი მცირედით აღემატება გასული მგზავრების წილს და 50.8 პროცენტს შეადგენს.
2023 წელს საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 13 886.2 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 7.5 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 43.3 პროცენტი გენერალური, ანუ ზოგადი სახის ტვირთი იყო, 31.7 პროცენტი – თხევადი ტვირთი, 25.0 პროცენტი კი – ნაყარი ტვირთი.