საქსტატი - 2023 წელს საქართველოს აეროპორტები, წინა წელთან შედარებით, თითქმის 35 პროცენტით მეტ მგზავრს მოემსახურა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 358.5 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 875.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა – 2.0-ჯერ, მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 2.1-ჯერ აღემატება გასული 2022 წლის მაჩვენებელს.
საქსტატის ცნობით, 2023 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 224.2 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 425.8 მლნ. ტონა-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში, წინა წელთან შედარებით, შემცირდა როგორც გადატანილი ტვირთის (66.4 პროცენტით), ისე ტვირთბრუნვის (65.6 პროცენტით) მოცულობა.
ამასთან, გასულ წელს საქართველოს აეროპორტები 6 005.7 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 34.8 პროცენტით აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს – აეროპორტებმა მიიღო 2 987.4 ათასი მგზავრი, ანუ 36.0 პროცენტით მეტი, ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 3 018.3 ათასი მგზავრი, ანუ 33.5 პროცენტით მეტი.
2023 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 96.2 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 25.5 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 28.6 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
2023 წელს საქართველოს აეროპორტებში 1.1 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 32.2 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, 2023 წელს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეესტრში რეგისტრირებული იყო 60 ერთეული საჰაერო ხომალდი, რაც 11.1 პროცენტით მეტია წინა წელთან შედარებით. აქედან 80.0 პროცენტს სამგზავრო საჰაერო ხომალდები შეადგენდა, ხოლო 20.0 პროცენტს – სატვირთო.
2023 წლისთვის საქართველოს აეროპორტებს გააჩნდათ 6 ასაფრენი ბილიკი, 56 გამშვები პუნქტი, 25 სამგზავრო გასასვლელი და 1.4 ათასი საპარკინგე ადგილი კერძო ავტომობილებისათვის.