საქსტატი - 2023 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 187 მილიონ ლარს გადააჭარბა
საქსტატი - 2023 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 187 მილიონ ლარს გადააჭარბა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 187.4 მლნ. ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, შემოსავლის უდიდეს ნაწილს, 71.4 პროცენტს საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს, ხოლო 28.6 პროცენტი ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებია.

უწყების ანგარიშით, საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 73.6 პროცენტი ამანათების მიწოდებიდანაა მიღებული, რომლის 76.6 პროცენტი საერთაშორისო გზავნილებზე მოდის, 23.4 პროცენტი კი – ადგილობრივ გზავნილებზე.

საქსტატის ინფორმაციით, საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 16.1 პროცენტი წერილობით კორესპოდენციებზე მოდის, რომლის 57.8 პროცენტი – საერთაშორისო, ხოლო 42.2 პროცენტი ადგილობრივი კორესპონდენციაა.

უწყების მონაცემებით, საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ 2023 წლის განმავლობაში გაგზავნილია 5 677.8 ათასი წერილობითი კორესპონდენცია და 9 471.6 ათასი ამანათი.

2023 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 3.7 ათასს შეადგენდა, მათ შორის 1 272 იყო კურიერი, ფოსტალიონი ან ფელდეგერი.