საქსტატი - 2023 წელს სადაზღვევო კომპანიებმა, დამდგარი ზარალის სახით, 645 მილიონ ლარზე მეტი აანაზღაურეს
საქსტატი - 2023 წელს სადაზღვევო კომპანიებმა, დამდგარი ზარალის სახით, 645 მილიონ ლარზე მეტი აანაზღაურეს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2023 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების დეკლარირებულმა შემოსავლებმა 10.5 მლრდ ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, შემოსავლის უდიდეს ნაწილს, 75.7 პროცენტს საპროცენტო და მასთან გათანაბრებული შემოსავლები შეადგენს, 12.4 პროცენტი მოდის საკომისიო შემოსავლებზე, ხოლო დარჩენილი 11.9 პროცენტი სხვა სახის შემოსავლებზე ნაწილდება.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2023 წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 2.9 მლრდ ლარი ნაღდი ფულის სახით. ამავე დროს, ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა ღირებულებამ 2.7 მლრდ ლარი შეადგინა.

2023 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 41.9 ათასს შეადგენდა, რომელთაგან 64.0 პროცენტი ქალი იყო.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით) გამომუშავებულმა პრემიამ 971.9 მლნ. ლარი შეადგინა, საიდანაც 41.5 პროცენტი სამედიცინო დაზღვევაზე მოდის, 12.5 პროცენტი – ქონების დაზღვევაზე, 9.0 პროცენტი – სიცოცხლის დაზღვევაზე, 7.4 პროცენტი – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 1.4 პროცენტი – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი, 28.2 პროცენტი სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული დამდგარი სადაზღვევო ზარალი 645.9 მლნ ლარით განისაზღვრა, რომლის 49.5 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 7.3 პროცენტი – ქონების დაზღვევაზე, 5.0 პროცენტი – სიცოცხლის დაზღვევაზე, 4.4 პროცენტი – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 0.1 პროცენტი – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი, 33.7 პროცენტი სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.