საქსტატი - 2023/2024 სასწავლო წლისთვის სტუდენტთა მიღება - 8.4 პროცენტით, უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობა კი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 22.5 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 43 კერძო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაახლოებით ორი მესამედი ქალაქ თბილისშია.
საქსტატის ცნობით, 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მიიღეს 54.3 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 32.4 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში – 21.9 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაიზარდა 8.4 პროცენტით.
უწყების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 177.8 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 10.2 პროცენტით მეტია. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტთა საერთო რიცხოვნობის 59.1 პროცენტი, ხოლო კერძოში – 40.9 პროცენტი. სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 51.2 პროცენტი ქალია, ხოლო 48.8 პროცენტი – კაცი.
ამასთან, 2023 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 26.3 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 2.1 პროცენტით მეტია. კურსდამთავრებულებიდან 60.1 პროცენტი არის ქალი, ხოლო 39.9 პროცენტი – კაცი. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 1.7-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რიცხოვნობას.
უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 30.7 ათასი შეადგინა, რაც 22.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 11.2 ათასი პროფესორ-მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.9 პროცენტით მეტია.
ამასთან, 2023 წელს უნივერსიტეტებში მიღებული დოქტორანტების რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით, 6.4 პროცენტით გაიზარდა და 930 პირი შეადგინა. დოქტორანტების რიცხოვნობა 1.9 პროცენტითაა შემცირებული და 3 569-ს შეადგენს. 2022 წელთან შედარებით, კურსდამთავრებული დოქტორანტების რიცხოვნობა 3.0 პროცენტით შემცირდა და 521 პირი შეადგინა.