საქსტატი - 2022 წლის პირველ კვარტალში ქართველი მოგზაურების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 3,7-ჯერ გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 261,4 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 4,2-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.5 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 216,2 ათასი შეადგინა, რაც 3,7-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
საქსტატის ცნობით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 144,4 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 164,4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა, 47.6 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 41,4 პროცენტს შეადგენდა.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა მეგობრებისა და ნათესავების მონახულების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა კი განხორციელდა თურქეთსა და რუსეთში, შესაბამისად, 102,8 ათასი და 26,3 ათასი ვიზიტი.
ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6,4 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 95,5 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. საანგარიშო პერიოდში, განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 285,1 მილიონ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 1 318,8 ლარი შეადგინა.