საქსტატი - 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა რაოდენობამ 808 326 შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში პენსიის და სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 808 326 პირი შეადგინა. აქედან 71.3 პროცენტი ქალია, ხოლო 28.7 პროცენტი – კაცი.
პენსიის მიმღებთა 29.9 პროცენტი თბილისშია, 16.0 პროცენტი – იმერეთში, 10.6 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9.8 პროცენტი – ქვემო ქართლში, 8.8 პროცენტი – კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი, ჯამში, 24.9 პროცენტია.
ამასთან, საქსტატის ცნობით, სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა რიცხოვნობამ 178 426 შეადგინა, რომელთაგან 33.3 პროცენტს ქალები შეადგენენ, ხოლო 66.7 პროცენტს – კაცები.
სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 70.6 პროცენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 12.8 პროცენტს – ომის მონაწილეები, 12.0 პროცენტს – მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 4.4 პროცენტს – სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.2 პროცენტს – სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები. რეგიონების მიხედვით კი სოციალური პაკეტის მიმღებთა 27.1 პროცენტი თბილისშია, 16.6 პროცენტი – იმერეთში, 11.5 პროცენტი – აჭარის არ-ში, 9.6 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი, ჯამში, 35.2 პროცენტი ფიქსირდება.
უწყების ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 369 515 ერთეული შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ – 149 864. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია და 70.9 ათასს შეადგენს, მიმღებთა რაოდენობა კი 36.6 ათასია.