საქსტატი - 2022 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე როგორც საქალაქო, ისე სასოფლო ტიპის დასახლებებში შემცირებულია
საქსტატი - 2022 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე როგორც საქალაქო, ისე სასოფლო ტიპის დასახლებებში შემცირებულია

2022 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 67.8 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას საქართველოში სამუშაო ძალის მაჩვენებლებთან დაკავშირებით სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, 2022 წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონე როგორც საქალაქო, ისე სასოფლო ტიპის დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია, შესაბამისად 3.7 და 1.9 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, უწყების მონაცემებით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2022 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 3.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2.8 პროცენტული პუნქტით.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. გასული წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში – 42.7 პროცენტს, ხოლო კაცებში 64.0 პროცენტს შეადგენდა. 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 1.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0.9 პროცენტული პუნქტით.

საანგარიშო პერიოდში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში, შესაბამისად 2.9 და 2.5 პროცენტული პუნქტით.