საქსტატი - 2022 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე სამი პროცენტით, 16.1 პროცენტამდე შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.1 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 42.9 ათასი კაცით, ანუ 5.1 პროცენტით და 884.1 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 18.0 ათასით გაიზარდა (4.5%) და 420.4 ათასი შეადგინა.
ამასთან, ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 42.3 ათასით, ანუ 14.5 პროცენტით და 249.5 ათასი შეადგინა.
უწყების ანგარიშის თანახმად, გასული წლის IV კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 52.7 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 44.2 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.3 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში კი – 1.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 3.0 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, სოფლის ტიპის დასახლებებში კი – 2.3 პროცენტული პუნქტით და, შესაბამისად, 45.8 პროცენტს და 42.1 პროცენტს შეადგენს.