საქსტატი - 2022 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 309.9 ლარით გაიზარდა და 1 773.7 ლარი შეადგინა
საქსტატი - 2022 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 309.9 ლარით გაიზარდა და 1 773.7 ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.2 პროცენტით, ანუ 309.9 ლარით გაიზარდა და 1 773.7 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 672.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 61.8 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 726.7 ლარი (გაიზარდა 12.1 პროცენტით); მშენებლობა – 2 535.8 ლარი (გაიზარდა 14.8 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 455.1 ლარი (გაიზარდა 15.1 პროცენტით).

საქსტატის ცნობით, 2022 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი — 1 411.7 ლარით, ხოლო კაცების 2 123.2 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 258.0 ლარი (22.4%) შეადგინა, ხოლო კაცებში — 355.3 ლარი (20.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

უწყების მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 313.2 ლარით (19.6%) გაიზარდა და 1911.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციისა და კომუნიკაციის (3 773.6 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 64.7 პროცენტით), ასევე ხელოვნების, გართობისა და დასვენების (2 959.1 ლარი, გაიზარდა 18.3 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.

ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის IV კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 272.4 ლარით (21.8%) გაიზარდა და 1 523.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით, რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი.