საქსტატი - 2022 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა 51.7 მლრდ ლარამდე გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის IV კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 18.1 პროცენტით გაიზარდა და 51 მილიარდ 700 მილიონი ლარი შეადგინა.
საქსტატის ამავე შედეგებში აღნიშნულია, რომ ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. კერძოდ, 2022 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 19 მილიარდ 800 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.1 პროცენტით მეტია.
ამასთან, 2022 წლის IV კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის 62 პროცენტი – მსხვილ ბიზნესზე, 15.6 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 22.4 პროცენტი მცირე ბიზნესზე მოდიოდა.
მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე პროდუქციის გამოშვების – 43.7 პროცენტი, საშუალოზე – 23.8 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე 32.5 პროცენტი მოდიოდა.
უწყების ანგარიშის მიხედვით, გასული წლის ოქტომბერ-ნოემბრის მონაცემებით, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა – 30 მილიარდ 400 მილიონი ლარი (2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.8%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 18 მილიარდ 400 მილიონი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.0%-ით მეტი) შეადგინა.
2022 წლის IV კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 741 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.9 პროცენტით მეტია.
ამასთან, დასაქმებულების 43.1 პროცენტი ქალია, ხოლო 56.9 პროცენტი – მამაკაცი.
რაც შეეხება დასაქმებულთა განაწილებას ბიზნესის სიდიდის მიხედვით, ამ პერიოდის განმავლობაში მსხვილი ბიზნესი მთლიანად დასაქმებულების – 41.7 პროცენტს, საშუალო – 21.8 პროცენტს, ხოლო მცირე ბიზნესი 36.4 პროცენტს ასაქმებდა.
საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 699.5 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3%-ით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4 მილიარდ 086 მილიონი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.5%-ით მეტი).
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის IV კვარტალში ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი მილიარდ 911 მილიონ ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 313.2 ლარითაა გაზრდილი), ხოლო, მათ შორის, ქალების ხელფასმა 1 487 ლარი შეადგინა და გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 244.4 ლარით გაიზარდა.
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 2 007.2 ლარი; საშუალო ბიზნესი – 2 165.3 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 602.1 ლარი.
სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2022 წლის IV კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 38.9 პროცენტი მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 30.2-პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა რვაპროცენტიანი წილით, მშენებლობა – 6.7-პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.9-პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 2.8-პროცენტიანი წილით, ხოლო 8.7 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.
2022 წლის IV კვარტალში ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (20.5%) და მშენებლობა (20.3%), შემდეგ მოდის ვაჭრობა (19.9%), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.2%), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 30.1-პროცენტიანი წილი უჭირავს.
2022 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნესსექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის, ასევე სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ, შესაბამისად, 27.8, 12.6 და 9.9%-იანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის აგრეთვე მშენებლობის (8.5%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.0%), ინფორმაციისა და კომუნიკაციის (5.7%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5%) დარგის საწარმოებზეც.