სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში 118 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა. მათგან 18.6 პროცენტი მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, 17.8 პროცენტი – კახეთის რეგიონში, 14.4 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 12.7 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 11.0 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო 25.4 პროცენტი – სხვა რეგიონებშია განთავსებული.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წლის IV კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 113.3 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 45.3 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 44.8 პროცენტი – ღორი, ხოლო 9.1 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 316.7 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
„სასაკლაოების მიერ 2022 წლის IV კვარტალში 14.1 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 39.1 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 40.4 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 19.4 პროცენტი – ღორის ხორცზე, 1.2 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია. საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 14.5 ათას პირს, საიდანაც 34.7 პროცენტი შინამეურნეობების სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 103 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 33.7 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 12.9 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური – 28.0 ლარი“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.