საქსტატი - 2022 წლის იანვარ-მარტში ყველაზე მეტი ნებართვა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაზე გაიცა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 229 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.4 პროცენტით მეტი) 1 516.5 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.5 პროცენტით მეტი).
საქსტატის ცნობით, ნებართვების 78.5 პროცენტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 53.0 პროცენტი მოდის თბილისზე, 11.0 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 7.4 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე, 7.1 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 33.5 პროცენტი მოდის თბილისზე, 13.6 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, 10.5 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 10.5 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.
2022 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 545.9 ათასი კვ.მ ფართობის 552 ობიექტი.